X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინტერვიუ მაია ცქიტიშვილთან: BBC-ის რადიო კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა

24 აპრილი 2020

BBC-ის რადიოს გადაცემა “NEWSDAY”-ს წამყვანი ლორენს პოლადი: ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე - გერმანიის, იტალიის, შეერთებული შტატების.  რთულია შეადარო ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. ასე მაგალითად, ვისაუბრეთ სინგაპურზე, ქვეყანაზე, რომელმაც თავიდან ძალიან წარმატებით დაიწყო პანდემიასთან ბრძოლა, თუმცა ახლა ვირუსის  მეორე ტალღას ებრძვის. შეგვიძლია უფრო მეტი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, რადგან რაც უფრო მეტს ვიგებთ, მით უფრო მეტს ვსწავლობთ. მოდით, ახლა საქართველოს გამოცდილებას გავეცნოთ. შეგახსენებთ, რომ ეს დაახლოებით 4 მილიონიანი მოსახლეობის მქონე პატარა ზომის სახელმწიფოა ჩრდილოეთიდან რუსეთსა და  სამხრეთიდან თურქეთს შორის. ირანიც იქვეა და ყველა ეს ქვეყანა ძლიერ დაზარალდა. მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ 4 ფატალური შემთხვევა აქვს და მას ძალიან აქებენ განხორციელებული ზომების გამო. ვნახოთ, რა გაკეთდა და რა შეიძლება ვისწავლოთ საქართველოსგან. ვესაუბრებით ქვეყნის ვიცე-პრემიერს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს.

მოგესალმებით. რამდენადაც ვიცი, პირველი რაც გააკეთეთ ფრენების დროებითი შეჩერება იყო ირანიდან და მალევე იტალიიდან. ორივე ცხელ წერტილად მოიაზრებოდა მაშინ. თებერვლის მეორე ნახევარში რა საკითხებზე მიდიოდა მსჯელობა?  არადა, ახლანდელი გადასახედიდან შორს სულაც არ გვეჩვენება, მაგრამ პანდემიის დასაწყისში, როდესაც ადამიანები იწყებდნენ  საკითხის გაცნობიერებას რაზე მსჯელობდით?

მაია ცქიტიშვილი: დილა მშვიდობისა, ლორენს. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა საქართველოს გამოცდილებით დაინტერესებისთვის. აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ორი თვეა გასული, მაგრამ დღეის მდგომარეობით 408 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სამწუხაროდ, 4 ადამიანია გარდაცვლილი. ჩვენი წარმატების მიზეზი - როგორ შეფასებასაც აძლევენ მას - ადრეული და გადამწყვეტი ქმედებებია. ჩვენ ზედმიწევნით ვითვალისწინებდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ძალიან ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მოქმედება: 22 იანვრიდან ქვეყანაში ყველა ჩამომსვლელის  თერმოსკრინინგი ხორციელდებოდა და საკმაოდ მკაცრი წესები განვსაზღვრეთ სკრინინგისთვის და ცხელ წერტილებად მიჩნეული ქვეყნებიდან ჩამოფრენილი მგზავრების შემოწმებისთვის.

ლორენს პოლადი: დარწმუნებული ვარ სწორედ ამიტომაც ძალიან სწრაფად აკრძალეთ ფრენებიც. მალევე შედგა განსახორციელებელ ქმედებებზე შეთანხმება? დიდი არჩევანი გქონდათ?

მაია ცქიტიშვილი: თავიდანვე ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა. გვესმოდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეიძლება. არცერთ მთავრობას ძალუძს ამ გამოწვევის მარტო მოგვარება და ქვეყნის მოქალაქეებთან თავიდანვე მკაფიო კომუნიკაციას ვაწარმოებდით. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და განვაცხადო, რომ ჩვენი მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს.

ლორენს პოლადი: სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდით მოსახლეობას? შეგვახსენეთ საქართველოში ამჟამად არსებული სიტუაცია.

მაია ცქიტიშვილი: მარტის ბოლოდან ამოქმედდა შეზღუდვები და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოვუწოდეთ. უკვე ერთი თვე ხდება, თუმცა ეს დაბალანსებული მდგომარეობაა. ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ, კორონავირუსს ვებრძვით და მეორე მხრივ, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ვცდილობთ.

ლორენს პოლადი: რა თქმა უნდა და ამ ბალანსის მიღწევა რთულია. რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება გიწევთ. ქალბატონო მაია, ერთი რამ აგვიხსენით თუ შეიძლება - ფონურ სიტუაციას ვეცნობოდი ქვეყნის შესახებ და შევიტყვე, რომ ძალიან ცნობილი ლაბორატორია გაგაჩნიათ საქართველოში. რამდენად მნიშვნელოვანი იყო მთელ ამ პროცესში ლაბორატორიის არსებობა? რა რაოდენობის ადამიანების ტესტირებას ახდენდით?

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების, დახმარებით თბილისში ლუგარის ცენტრი ფუნქციონირებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩვენი პარტნიორების დახმარება აქვთ მიღებული. ამან თავისი შედეგი იქონია. ჩვენი სპეციალისტები კარგად არიან აღჭურვილნი. ლაბორატორიული ტესტირება ერთერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 7000 ადამიანამდე გყვავს შემოწმებული დღეის მდგომარეობით. ტესტირება ხდებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლების საფუძველზე.

ლორენს პოლადი: გასაგებია. ტესტირებულ პირთა რიცხვიც საკმაოდ მაღალი და შთამბეჭდავია. მინდა გკითხოთ მეორე ტალღის საშიშროების შესახებ. როგორ მოხსნით არსებულ შეზღუდვებს? რას ფიქრობთ? ბევრი ქვეყანა ამ ბრძოლაში სანიმუშო ქვეყნად მიგიჩნევთ და აინტერესებთ როგორ აიცილონ თავიდან მეორე პიკი?

მაია ცქიტიშვილი: უპირველეს ყოვლისა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შემსუბუქებისას, რადგან ძალიან დიდი ცდუნება ჩნდება ინფიცირების მაჩვენებლების კლების ფონზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზედმიწევნით დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა, სანამ ვაქცინა ან წამალი იარსებებს. უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა.

ლორენს პოლადი: ესე იგი, გაკვეული ცვლილებები პერმანენტული იქნება? ხალხის ყოფაში გარკვეული ცვლილებები იარსებებს ახლო მომავალში?

მაია ცქიტიშვილი: დიახ. გარკვეული დროის განმავლობაში მოგვიწევს  ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატების პირობებში არსებობა. უკვე დავიწყეთ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე მუშაობა. ის გულისხმობს ზოგიერთი, დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას. ტესტირებაც ძალიან მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტად დარჩება ვირუსის გავრცელების კონტროლის საქმეში, თუმცა სოციალური დისტანცირების ზომები ძალიან მნიშვნელოვანია.

ლორენს პოლადი: გასაგებია. საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა თქვენი ქმედება გაამართლებს. საქართველოს გამოცდილებისგან ვსწავლობთ სხვები. მსმენელს კი შევახსენებ, რომ ვსაუბრობდით საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან.